ეფლმა ყოველწლიური საერთაშორისო დეველოპერული კონფერენციის, WWDC21-ის ჩატარების თარიღი დააანონსა. კომპანიის ღონისძიება 7-11 ივნისის ჩათვლით, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეფლის დეველოპერთა საზოგადოება უკვე 28 მილიონ დეველოპერს ითვლის. WWDC21-ზე ყველა დეველოპერს დასწრება სრულიად უფასოდ შეუძლია. კონფერენციის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები iOS, iPadOS, macOS, watchOS და tvOS-ის ახალ ვერსიებზე, უახლეს ტექნოლოგიებზე და დეველოპერულ ხელსაწყოებზე ისაუბრებენ.
კონფერენციაზე ჩვენ მრავალ მომხსენებელს, ონლაინ-სესიას, ინდივიდუალურ ვორქშოპს, ტექნიკურ რეკომენდაციას მოვისმენთ. გარდა ამისა, ეფლის დიზაინერები და ინჟინრები საკუთარ გამოცდილებას დეველოპერებს გაუზიარებენ.
ეფლმა ამასთანავე განაცხადა, რომ კომპანია წელსაც იღებს განაცხადებს კონკურსზე Swift Student Challenge, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა დეველოპერებს საკუთარი უნარ-ჩვევების დემონსტრირება შეუძლიათ. 2021 წლის 18 აპრილამდე მსურველებს საკუთარი პროექტების გაგზავნა Swift Playground-ში შეუძლიათ.
WWDC21-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციაში Apple Developer და დეველოპერების ოფიციალირ ვებ-გვერდზე.