რუსეთის ფედერაციის დუმის კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსული მედიასაშუალებების ცენზურისთვის საპასუხო სანქციებს ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღებს უფლებამოსილებას მიანიჭოს კანონდამრღვევის სტატუსი ნებისმიერ ინტერნეტ რესურსს, რომელიც შემჩნეული იქნება „რუსული მედიასაშუალებების დისკრიმინაციაში“.
ახალი კანონი ვრცელდება ყველა მსხვილ ინტერნეტ რესურსზე, მათ შორის YouTube, Facebook და ტვიტერზე. „როსკომნადზორს“ ამიერიდან მსგავსი „დანაშაულის“ გამო შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად დაბლოკოს არასასურველი ვებ-გვერდი ან შეანელოს მისი ტრაფიკი.
რუსეთის დუმის ერთ-ერთი დეპუტატის თქმით, ასევე მზადდება კანონპროექტის შესწორებაც, რომელიც მსგავსი ტიპის რესურსების მიმართ, შეზღუდვისა და ტრაფიკის შენელების გარდა 3 მლნ. რუბლამდე ჯარიმასაც ითვალისწინებს.
კანონპროექტი დუმაში 19 ნოემბერს დარეგისტრირდა და 9 დეკემბერს, პირველი მოსმენით იქნა მიღებული.
დოკუმენტის ავტორები განიხილავენ კანონის მოქმედების გაფართოებას და აღნიშნავენ, რომ ის შესაძლოა შეეხოს ყველა იმ ინტერნეტ რესურსს, რომელიც მსგავსი ტიპის „დარღვევაში“ კანონის მიღებამდე იქნა შემჩნეული.