ლეპტოპების უმეტესობას ძილის რეჟიმიდან გამოსასვლელად რამდენიმე წამი სჭირდება. ამასთან ერთად, ძილის რეჟიმში ლეპტოპი არ ტვირთავს ახალ ელექტრონულ წერილებს, არ აახლებს სოციალური ქსელის კედელს და ა.შ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად Windows 10-ში Modern Standby რეჟიმია გათვალისწინებული. ეს არის ძილის სპეციალური რეჟიმი, რომლის დროსაც ლეპტოპი მუდმივად განაახლებს ინფორმაციას რეალურ დროში.
დიდი ალბათობით, Modern Standby რეჟიმის მხარდაჭერას უახლოეს მომავალში Windows 10X-იც მიიღებს, რაც ლეპტოპს მისცემს საშუალებას ძილის რეჟიმში ყოფნის დროს დაკავშირებული იყოს ინტერნეტთან.
Windows 10X — ახალი ოპერაციული სისტემა, რომელიც Windows Core OS-ის ბაზაზე მუშაობს. მისი კომერციული გამოსვლა 2021 წლის მარტი-ივნისის პერიოდშია მოსალოდნელი. მანამდე მაიკროსოფტი არ საუბრობს Windows 10X-ზე, თუმცა კომპანიამ ჩუმად განაახლა მისი დოკუმენტაცია და მასში უკვე ნახსენებია Modern Standby რეჟიმი.
Windows 10X-ზე მომუშავე მოწყობილობებში Modern Standby რეჟიმი ლეპტოპს სმარტფონის მსგავსად ამუშავებს. მაგალითად, Windows 10X ძილის რეჟიმში მაინც ჩამოტვირთავს ახალ მეილებს, მიიღებს შეტყობინებებს, მუდმივად განაახლებს სოციალური ქსელის გვერდებს და სხვა კონტენტს Progressive Web App-ში. როცა მომხმარებელი გაშლის ლეპტოპს, მას უკვე დახვდება განახლებული ინფორმაცია.