ირანის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა კრიპტოვალუტის მაინერებს უკავშირდება.
მაინერების გამო ჩაბნელდა ისეთი ქალაქები, როგორებიცაა თეირანი, მეშჰედი, თავრიზი და ურმია. 23 იანვარს ეს ქალაქები სრულად, რამდენჯერმე ჩაბნელდა — გაითიშა შუქნიშნების სისტემა, გარე განათება და სავაჭრო ცენტრების ქსელი. შეშფოთებული მოქალაქეები ინფორმაციას Twitter-ის საშუალებით ავრცელებდნენ.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ხელისუფლებას კრიპტოვალუტის მომპოვებელი 1600-მდე, მათ შორის ლეგალურად მომუშავე ობიექტის (ქარხნის) დახურვა მოუწია. ირანის ხელისუფლებამ არალეგალური ქარხნები სკოლებში და მეჩეთებშიც კი აღმოაჩინა. შედეგად, პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 45 000-ზე მეტი მაინერი ამოიღო.
აღსანიშნავია, რომ ირანი იმ ქვეყნების ათეულში შედის, რომელიც კრიპტოვალუტის ქარხნებზე დღეში 450 მეგავატს ხარჯავს. ირანი, კრიპტოვალუტის მომპოვებელთათვის იმითაა საინტერესო, რომ ქვეყანაში ელ.ენერგიაზე საკმაოდ დაბალი ტარიფი მოქმედებს — 1 კილოვატი = 4 ცენტს.
ქვეყანაში კრიპტოვალუტის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა. ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, ირანის მოქალაქეებს ვაჭრობის უფრო მეტ საშუალებას აძლევს.
წყარო: Business Insider