Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა საკუთარი კიდევ ერთი კომპანიის, Neuralink-ის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მასკის თქმით, მისი სტარტაპი Neuralink წელს ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირების ინტერფეისის განახლებას შემოგვთავაზებს, რომელიც „განმაცვიფრებელი“ იქნება.
გასული წლის ივლისში მასკმა ტვინის ჩიპის მაიმუნზე წარმატებული გამოცდის შესახებ გვამცნო, რის შედეგადაც მაიმუნი კომპიუტერს პირდაპირ გონებით მართავდა.
„ნეირონული ინტერფეისების შესაძლებლობები, რომლებსაც მაღალი გამტარუნარიანობა და სიზუსტე გააჩნიათ სათანადოდ არ ფასდება. Neuralink-ი აღნიშნულ ტექნოლოგიას ადამიანებისთვის წელს წარმოადგენს. გასული წლის მიღწევასთან შედარებით, ეს ბევრად მაგარია“— აცხადებს მასკი.
მასკის თქმით, ახალი უნიკალური ნეიროინტერფეისი პირველ რიგში დაზიანებული ტვინის მქონე ადამიანებისთვისაა. Neuralink-ის დამფუძნებლის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტი დაეხმარება ადამიანებს არ ჩამორჩნენ ხელოვნური ინტელექტის განვითარებას.
„Neuralink-ი შეტევისა თუ უბედური შემთხვევის დროს ტვინში წარმოქმნილ დაზიანებებს აღადგენს. ზედმეტი ემოციების გარეშე ვამბობ, თუმცა ტექნოლოგია გააუმჯობესებს ტვინის და მოტორიკის აღდგენის პროცესს. ამჟამად მსგავსი არაფერი არსებობს“— ილონ მასკი.
დიდი ალბათობით ტვინის ახალ ჩიპს კომპანია საკუთარ მომდევნო პრეზენტაციაზე წარადგენს, რომელიც ზაფხულში გაიმართება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მალე Neuralink-ის ახალ ცდებში მოხალისეებიც ჩაერთვებიან.