მას შემდეგ, რაც ილონ მასკი სოციალურ ქსელ Clubhouse-ს შეუერთდა და აუდიოინტერვიუ ჩაწერა, პლატფორმის პოპულარობამ მკვეთრად იმატა. ანალიტიკური კომპანია Sensor Tower-ის ცნობით, ბოლო 6 დღის განმავლობაში, სოც.ქსელის აპლიკაცია 1,1 მილიონჯერ გადმოიწერეს.
სოციალური ქსელისადმი მაღალმა ინტერესმა შავი ბაზრის ჩამოყალიბებასაც შეუწყო ხელი. მედიის ინფორმაციით, სოციალური ქსელის მოსაწვევს მისი მომხმარებლები Twitter-სა და Craiglist-ზე $15, $50 და $100-ად ყიდიან. მოსაწვევები eBay-ზეც იყიდება და იქ მისი ფასი $800-მდე ადის. Idle Fish-ში (Alibaba-ს შვილობილი კომპანია) კი Clubhouse-ის მოსაწვევების ფასი 150-დან 300 იუანამდე ($23-დან $46-მდე) მერყეობს. Reuters-ის ცნობით, ჩინეთში Clubehouse-ის გამოყენება შეზღუდულია.
Sensor Tower-ის ცნობით, Clubhouse-ის აპლიკაცია სულ 3,6 მილიონჯერ გადმოიწერეს — მათი მესამედი იანვრის ბოლო კვირაზე მოდის.
Clubhouse — აუდიო სოციალური ქსელი, რომელშიც მომხმარებლები ვირტუალურ ჩატ ოთახებში საუბრობენ. სერვისი App Store-შია ხელმისაწვდომი, ხოლო მასში რეგისტრაცია მხოლოდ მოსაწვევითაა შესაძლებელი. $100 მილიონიანი ინვესტიციის შემდეგ, ინვესტორებმა აპლიკაცია $1,4 მილიარდად შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ ინვესტორებს სოციალური ქსელი Clubhouse მსგავსი სახელის მქონე კომპანიაში, Clubhouse Media Group-ში აერიათ და შეცდომით, სრულიად სხვა კომპანიის აქციების ღირებულება 100%-ით გაზარდეს. Clubhouse-ზე ილონ მასკის გამოჩენის შემდეგ, პლატფორმით ინვესტორები დაინტერესდნენ და მისი აქციების შეძენა დაიწყეს, თუმცა შეცდომით. ინვესტორებმა Clubhouse-ის აქციების ნაცვლად, Clubhouse Media Group-ის აქციები შეისყიდეს. შემთხვევით გამდიდრებული კომპანია აქამდე სამედიცინო მომსახურების სფეროში საქმიანობდა და მას Tongji Healthcare Group ერქვა. ჟურნალისტებმა ამ შემთხვევას, ხუმრობით “ილონ მასკის ეფექტი” უწოდეს.
მსგავსი საინვესტიციო შეცდომა აპლიკაცია Signal-ის შემთხვევაშიც მოხდა, როცა ილონ მასკმა მომხმარებლებს მასზე გადასვლისკენ მოუწოდა. ამ დროს ინვესტორებმა Signal-ის ნაცვლად, პატარა კომპანია Signal Advance-ის აქციების ფასი 1100%-ით, 60 ცენტიდან $7,19-მდე გაზარდეს.