კომპანია სამსუნგმა ბრაზილიაში ახალი ფლაგმანები, Galaxy S21 და Galaxy S21+ უცნაური კომპლექტაციით დაარეგისტრირა.
თანდართულ დოკუემნტაციაში აღნიშნულია, რომ სმარტფონების კომპლექტაციაში მომხმარებელი ვეღარ იხილავს დამტენსა და ყურსასმენებს.
ამგვარად სამსუნგი ეფლის გადაწყვეტილებას იმეორებს და უახლეს ფლაგმანს კოლოფიდან მხოლოდ USB Type-C კაბელს მოაყოლებს. მომხმარებელს კი ადაპტერის შეძენა უკვე ცალკე მოუწევს.
ბრაზილიის მარეგულირებელმა ორგანომ, Anatel-მა S21 ორი სხვადასხვა დამტენით გატესტა, რომელთა სიმძლავრე 25 ვტ-ს არ აჭარბებდა, რაც აჩენს ვარაუდს, რომ ეს მოწყობილობის დამუხტვის მაქსიმალური სიმძლავრეა.
გარდა ამისა, სარეგისტრაციო დოკუმენტაციიდან ვიგებთ უახლესი ფლაგმანების ელემენტის მოცულობას: Galaxy S21 — 4000 mAh, Galaxy S21+ — 4800 mAh და Galaxy S21 Ultra — 5000 mAh.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, S21 Ultra ახალ 6.8-დიუმიან დისპლეის მიიღებს, რომლის განახლების სიხშირე 144 ჰერცს შეადგენს. იგი ძირითად 108 მპ-იან და 40 მპ-იან სელფი კამერას მიიღებს. ვარაუდობენ, რომ Galaxy S21 Ultra ახალ Android 11-ზე იმუშავებს.