2021 წელს CES გამოფენა 11-14 იანვრის ჩათვლით, ონლაინ ფორმატში გაიმართება. სანამ მწარმოებლები საკუთარ ვირტუალურ შოურუმებს შემოგვთავაზებენ, შეგვიძლია მიმოვიხილოთ 9 ყველაზე საინტერესო გაჯეტი, რომელსაც დღეს ვიხილავთ.
ავტონომიური ელექტრომანქანა Zoox
ოფიციალურად, ავტომობილი Zoox კომპანია ამაზონმა 2020 წლის 14 დეკემბერს წარმოადგინა, თუმცა მანამდე ის საველე პირობებში, სან-ფრანცისკოს ქუჩებში გატესტეს. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს თავისუფლად შეუძლია ტვირთებისა და მგზავრების გადაზიდვა წინასწარ გაწერილი მარშრუტით. ერთი დამუხტვით მანქანა 16 საათს მუშაობს, ხოლო მის ავტონომიურ მუშაობაზე 360 გრადუსიანი ხედვის მქონე კამერების სისტემა ზრუნავს.
LG-ის რობოტი-დეზინფექტორი
კომპანია LG-მ უკვე არაერთხელ წარმოადგინა გადაწყვეტა, რომელიც პანდემიის დაძლევაში დაგვეხმარება. მწარმოებელმა უკვე გამოუშვა რობოტი-მიმტანი, რობოტი-კურიერი და ექიმის დამხმარე რობოტი. ახლა კი რობოტი-დეზინფექტორის ჯერია. იგი აღჭურვილია ულტრაიისფერი ნათურებით, რაც შენობის ინტენსიური დამუშავების საშუალებას იძლევა. იგი კარგად გადაადგილდება ისეთ სივრცეებშიც, სადაც მას შეხვდება კარადები, მაგიდები, სკამები და ა.შ.
Samsung-ის ტელევიზორი ჩარჩოების გარეშე — 110 დიუმიანი MicroLED
შესაძლებელია თუ არა ერთ ეკრანზე 4 სხვადასხვა ვიდეოს ჩართვა? რასაკვირველია კი! ამას სამსუნგის MultiView ფუნქცია უზრუნველყოფს, რომელიც ახალ MicroLED ტელევიზორშია წარმოდგენილი. ტელევიზორი 4K ეკრანი მისი ზედაპირის 99.99%-ს ფარავს. ახალი ტელევიზორის სავარაუდო ღირებულება $156 ათასი იქნება.
პატარა გეიმინგ ლეპტოპი Razer Blade 15 Base Edition
მცირე ზომის Razer Blade 15 Base Edition აღჭურვილია მე-10 თაობის Intel Core i7 პროცესორით და 16 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერებით. კოლოფიდან ახალ ლეპტოპს Windows 10 Home მოყვება. სხვა ტექნიკური მახასიათებლები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ვიცით, რომ იგი გამორჩეული იქნება მაქსიმალური წარმადობით და მასზე “მძიმე” თამაშების გაშვება პრობლემას არ წარმოადგენს.
სპორტული ფეხსაცმელი Nike Air Jordan XI Adapt Jumpman
უცნაურია, მაგრამ ფეხსაცმელიც გაჯეტად იქცა. საქმე იმაშია, რომ Nike Air Jordan XI Adapt Jumpman Shoes მეწაღეობისა და ელექტრონიკის სინთეზით შეიქმნა. მას თასმების თავად შეკვრა და საკუთარი განათება გააჩნია. განათების ფერების შეცვლა კი სპეციალური მობილური აპლიკაცია Nike Adapt-ით იქნება შესაძლებელი. ახალი ელექტროფეხსაცმელი ნაიკისა და მაიკლ ჯორდანის კოლაბორაციის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.
სონის Spatial Reality-დისპლეი
სონი, CES 2021-ზე წარმოადგენს ახალ დისპლეის, სახელწოდებით Spatial Reality (SR) Display, რომელსაც მომხმარებლის მზერის მიხედვით 3D გამოსახულების გენერირება და ჩვენება 3D სათვალეების გარეშე შეუძლია. 15,6 დიუმიანი და 4K გაფართოების მქონე ეკრანი აღჭურვილია ზესწრაფი ვიდეოგადამცემითა და მიკროოპტიკური ლინზებით, რაც საბოლოოდ დინამიურ გამოსახულებას უზრუნველყოფს. ეკრანი ისე მუშაობს, რომ გამოსახულებას მარცხენა და მარჯვენა თვალისთვის ცალ-ცალკე ქმნის, რაც სტერეოსკოპიულ ეფექტს ქმნის. გაჯეტის ღირებულება $5 ათასს შეადგენს.
გეიმინგ კომპიუტერი MSI MEG Aegis Ti5
გეიმინგ კომპიუტერი MSI Aegis Ti5 საკუთარი ფუტურისტული დიზაინით გამოირჩევა, თუმცა მისი შიგთავსი არანაკლებ საინტერესოა. მოწყობილობა ვიდეობარათის სახით NVIDIA RTX 3080-ს იყენებს, რაც მაქსიმალურად რეალისტურ გამოსახულებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, კომპიუტერს ფონური ხმაურის მოშორების ფუნქციაც გააჩნია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული.
სარბენი ბილიკი Virtuix Omni One VR
Virtuix Omni One VR მომხმარებელს საშუალება საძლევს არამხოლოდ სპორტით დაკავდეს, არამედ დროებით კარანტინი დაივიწყოს, რადგან მისი VR ჩაფხუტის მეშვეობით “მორბენალი” მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხვედრას შეძლებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი სათამაშო გამოცდილება, რომელიც გეიმერს სრულად ვირტუალურ სამყაროში გადასვლის შესაძლებლობას აძლევს.
Ring Always Home Cam Security დრონი
დრონს კერძო საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია. მას, შენობის ტერიტორიზე და მის პერიმეტრზე უხმაუროდ და შეუმჩნევლად გადაადგილების საშუალება აქვს. ფაქტობრივად, მას კამერების ჩანაცვლება შეუძლია. დრონს მუშაობის რამდენიმე რეჟიმი გააჩნია. მაგალითისთვის, თუ თქვენ ჩაურთავთ დრონს “სტუმრის” რეჟიმს, მაშინ ის გააქტიურდება მხოლოდ მაშინ, როცა მისი სენსორები მოძრაობას შეამჩნევენ.
პორტატული ტელესკოპი Vaonis Vespera
მსუბუქი პორტატული ტელესკოპი Vaonis Vespera ასტრონომიის მოყვარულებს აუცილებლად მოეწონებათ. მისი სიმაღლე მხოლოდ 38 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო წონა 4,5 კგ-ს შეადგენს. ახალ ტელესკოპს ფოტოაპარატის ფუნქციაც აქვს. იგი გამორჩეულია მძლავრი ოპტიკური კონსტრუქციით, ხარისხის ნულოვანი დაკარგვითა და Sony-ს ლინზებით, რაც მის მომხმარებელს დაბალი განათების პირობებში გამოადგება. ტელესკოპით თქვენ შეგიძლიათ გადაუღოთ მაღალი ხარისხის სურათები მთვარეს, გალაქტიკებს, ნისლეულებს და ა.შ.