ბოლო წლების განმავლობაში თვალშისაცემი გახდა სხვადასხვა მასშტაბების და საქმიანობის სფეროს მქონე კომპანიების ინფრასტრუქტურის მასობრივი მიგრაცია ღრუბლებში. მართალია ზოგ შემთხვევაში ღრუბლებს ჩვეულებრივ VPS-საც ეძახიან, თუმცა დღეს სულ სხვა „ღრუბლებზე“ ვისაუბრებთ.
რა არის „ღრუბელი“
ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე და მის ნაირსახეობებზე უამრავი ვრცელი სტატია არსებობს, ამიტომ აღნიშნულ სტატიაში მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლებით.
მაშ ასე— „ღრუბლები“ წარმოადგენს ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტას, რომელიც პროვაიდერის დაშორებული დატაცენტრის ბაზაზე იქმნება. ღრუბლები შედგება სერვერებისგან, ქსელური აღჭურვილობისა და მონაცემების შემნახველებისგან. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნაში წამყვან როლს ე.წ „ჰიპერვიზორი“ ასრულებს, რომელიც ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ინფრასტრუქტურულ რესურსს აერთიანებს.
ღრუბლები სამ კატეგორიად იყოფა და ესენია:
საჯარო— როგორც კორპორატიულ, ისე სამომხმარებლო სეგმენტში ღრუბლოვანი გამოთვლების საკმაოდ პოპულარული მოდელი. იგი ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი მოდელია ღრუბლოვან სერვისებს შორის.
პირადი— ინფრასტრუქტურა, რომელიც მხოლოდ ერთი კლიენტისთვის იქმნება. იგი ბევრად ძვირია და აქვს უსაფრთხოების უფრო მაღალი დონე. კერძო ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისას კლიენტს მისთის სასურველი აპარატული ნაწილის ვენდორის შერჩევა შეუძლია. როგორც წესი, კერძო ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის წარმადობა ბევრად მაღალია, რადგან მის რესურსს მხოლოდ ერთი კლიენტი (ორგანიზაცია) იყენებს.
ჰიბრიდული— გადაწყვეტა სეზონური ბიზნესისა და ცვალებადი დატვირთვის მქონე მსხვილი კომპანიებისთვის: ძირითადი პროგრამები, რომლებსაც კლიენტი მუდმივად მოიხმარს განთავსებულია პირად ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაში ან კომპანიის სერვერებზე, ხოლო ინფრასტრუქტურის მეორე ნაწილი აქტიურდება მხოლოდ მაქსიმალური დატვირთვების დროს, რა დროსაც „საქმეში“ საჯარო ღრუბელი ერთვება. ხშირად ჰიბრიდულ გადაწყვეტილებებს კომპანიები სრულად საჯარო ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე მიგრაციის პროცესში, გარდამავალ პერიოდში იყენებენ.
რა უპირატესობას იღებს ბიზნესი, რომელიც ღრუბლოვან ტექნოლოგიებს იყენებს?
- ხარჯების შემცირება. ცხადია, ერთი შეხედვით IaaS-ინფრასტრუქტურის დაქირავება კომპანიას ძვირი უჯდება, მაგრამ მოდით ეს საკითხი უფრო დეტალურად განვიხილოთ. კომპანიის ნორმალური ფუნქციონირებისთის საჭიროა მინიმუმ ერთი სერვერის, ქსელური აღჭურვილობის და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა, ამ ინფრასტრუქტურის გამართვა, ახალი თანამშრომლების აყვანა. გარდა ამისა მუდმივად იქნება სხვადასხვა კომპონენტების შეცვლის, ოპტიმიზაციის ან დაზიანებული სერვერის შეცვლის აუცილებლობა. კომპანიას ბექაფების შექმნაზეც თავად მოუწევს ზრუნვა. ამ ყველაფრის შეჯამებით ნათელი ხდება, რომ ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე გადასვლაზე უარის თქმით თქვენ ბევრად მეტ დროს, ენერგიასა და ფულს დახარჯავთ.
- უსაფრთხოება. თუ კომპანიის სერვერი განთავსებულია ოფისში, მეზობელ ქუჩაზე ან სისტემური ადმინისტრატორის სარდაფში, მისი წაღება ძალოვანებს ან უბრალოდ კრიმინალებს თქვენი ნების საწინააღმდეგოდ შეუძლიათ. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის პირობებში კი თქვენი მონაცემები საიმედოდ იქნება დაცული ევროპისა თუ ამერიკის რომელიმე დატაცენტრში, რომელშიც ძაბვის ვარდნა, ხანძარი, წყალდიდობა და სხვა უბედური შემთხვევები თქვენს მონაცემებს არ ემუქრება.
- სიმარტივე. აღარ დგას საკუთარი ძალისხმევით ქსელური ინფრასტრუქტურის გამართვისა და მუდმივი კონტროლის საჭიროება. ამაზე ზრუნავს პროვაიდერი და მეტიც, გამართული სერვისის გარანტიასაც კი გაძლევთ.
ახლა კი ღრუბლოვანი ტექნოლოგიის გამოყენების რამდენიმე სცენარი მიმოხივილოთ.
- ახალი პროდუქტის ტესტირება. დავუშვათ, რომ თქვენი კომპანია ახალი გადაწყვეტის ტესტირებაზე ან არსებულის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ცხადია, აღნიშნული ამოცანის შესრულება საჯარო ვერსიისგან რაც შეიძლება შორს უნდა მოხდეს, რათა ტესტირებამ მთლიანი სისტემის პარალიზება არ გამოიწვიოს. ამ დროს საჯარო ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა საუკეთესო არჩევანია, ხოლო თუ გადახდის მეთოდად pay-as-u-go აირჩევთ, მაშინ თქვენ მხოლოდ იმის გადახდა მოგიწევთ, რასაც გამოიყენებთ.
- მთელი მსოფლიოდან თანამშრომლებთან ერთობლივი მუშაობა. თუ თქვენი კომპანია სხვადასხვა ქალაქებში ან ქვეყნებში ოპერირებს, ხოლო თანამშრომლებს ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია უწევთ, მაშინ ღრუბლებზე გადასვლა უალტერნატივო აუცილებლობას წარმოადგენს. მთელი პროგრამული უზრუნველყოფა ღრუბლებში მუშაობს და შესაბამისი წვდომის უფლებების გაწერით თანამშრომლები „ერთი ოფისის“ პრინციპით იმუშავებენ.
ღრუბლოვანი გადაწყვეტების უპირატესობებზე, მათ სანდოობასა და უსაფრთხოებაზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა აღნიშნულ თემებს ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვა სტატიების სახით შემოგთავაზებთ.