Google Pixel სმარტფონებში პულსის და სუნთქვის სიხშირის გაზომვის ფუნქცია გამოჩნდება, რომელიც არ საჭიროებს დამატებით აღჭურვილობას. კომპანიის განცხადებით, მარტის თვიდან, აპლიკაცია Google Fit-ში მომხმარებლები ამ პარამეტრებს კამერაზე თითის დადებით გაიზომავენ.
მსგავსი ფუნქცია უკვე გვხვდება Samsung Galaxy სერიის სმარტფონებში, რომლებიც ამისთვის სპეციალურ ფოტოპლეტიზმოგრაფიის (PPG) სენსორს იყენებენ. Pixel-ის სმარტფონებში PPG სენსორი გათვალისწინებული არაა, თუმცა გუგლის გადაწყვეტა შედეგის თვალსაზრისით დიდად არ განსხვავდება. Google Pixel-ში ამ მიზნის მისაღწევად ჩვეულებრივი კამერა გამოიყენება.
სუნთქვის სიხშირის განსაზღვრისთვის კი Pixel-ის სმარტფონები წინა კამერას გამოიყენებენ. საკმარისი იქნება მოწყობილობა სწორ ზედაპირზე მოათავსოთ, ჩართოთ შესაბამისი რეჟიმი და ისუნთქოთ ჩვეულ ტემპში — ამ დროს აუცილებელია, რომ თავი და ტანი სრულად ჩანდეს კამერაში.
გუგლის მტკიცებით, ორივე ფუნქცია ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებებს პიქსელების დონეზე აფიქსირებს. კომპანიის არცერთ ფუნქციას არ გააჩნია შესაბამისი ლიცენზია, რაც ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო დიაგნოზის დასმისას ამ მონაცემების გამოყენება მიზანშეწონილი არაა.
ახალი ფუნქციები თავდაპირველად Pixel-ის სმარტფონებზე Google Fit-ის აპლიკაციაში გამოჩნდება, თუმცა კომპანია განმარტავს, რომ მომავალში ის უფრო მეტ ანდროიდ მოწყობილობაზე გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ სამსუნგმა, სმარტფონის კამერით პულსის გაზომვის ფუნქციას, Galaxy S20-ის გამოსვლის შემდეგ აღარ იყენებს.