ვინც დღემდე იყენებს WhatsApp-ს, შესაძლოა ამ დღეებში, აპლიკაციაში შესვლისას გადააწყდებოდა შეტყობინებას, რომელიც მომხმარებელს ახალი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ აფრთხილებს. გაფრთხილების შინაარისდან ვიგებთ, რომ, თუ აღნიშნულ პირობებს 8 თებერვლამდე არ დავთანხმდებით, მაშინ მესენჯერით სარგებლობას ვეღარ შევძლებთ.
ახალი წესების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებლის მეტა მონაცემები (არ შეგვეშალოს უშუალოდ მომხმარებლის მონაცემებში) — გადაეცემა ფეისბუქს, რომელიც WhatsApp-ის ოფიციალურ მფლობელად ითვლება.
პირადად ჩემთვის ეს მსუბუქ შანტაჟს გავს: ან გვაძლევ უფლებას შენს მონაცემებზე, ან აგიკრძალავთ ჩვენი სერვისით სარგებლობას.
ერთი შეხედვით, თითქოს საგანგაშო არაფერია, რადგან ჩემი ინფორმაცია მაინც ერთი კომპანიის ფარგლებში რჩება, ხოლო ფეისბუქს ისედაც აქვს მონაცემები ჩემს შესახებ და დიდი ამბავი, თუ უფასო WhatsApp-ის გამოყენებაში ამ “საფასურს” გადავიხდი.
საქმე იმაშია, რომ WhatsApp-ის უფასო ხელმისაწვდომობა, სულაც არ ნიშნავს, რომ მას მართლა უფასოდ ვიყენებთ. ამისთვის ჩვენ უფრო მაღალ ფასს, პირად მეტა მონაცემებს ვიხდით. სერვისი აქ გვატყუებს, რომ ეს მონაცემები მათ “სერვისის გაუმჯობესებისთვის” სჭირდებათ. გადავხედოთ, რა მონაცემებს ინახავს WhatsApp ჩვენს შესახებ — IP მისამართი, პროფილის სახელი, მიბმული ტელეფონის ნომერი, სმარტფონის ან მოწყობილობის მონაცემები, გეოლოკაცია და პირადი კონტაქტების სია. კი, ფეისბუქი გვეუბნება, რომ ეს მონაცემები მას, მხოლოდ სერვისის გაუმჯობესებისთვის სჭირდება.
აქამდე ეს საკითხი ბუნდოვანი იყო, თუმცა ახლა, ჩვენ პირდაპირ და გასაგებად გვეუბნებიან, რომ აღნიშნულ მონაცემებს კომპანია რეკლამის განთავსების მსურველებზე გაყიდის.
ამით სერვისი გვეუბნება, რომ ჩვენ, როგორც მომხმარებლები, რეალურად გასაყიდი პროდუქტი ვართ და არაფერი სხვა. ხოლო თუ ეს არ მოგვწონს, მაშინ ალტერნატიულ, შედარებით უსაფრთხო სერვისზე უნდა გადავიდეთ.
8 თებერვლის შემდეგ WhatsApp მეორე ვაიბერად იქცევა, სადაც მოგვიწევს დამღლელი სარეკლამო შეტყობინებების მოგერიება.
გონივრული იქნება, თუ მომხმარებელი ისეთ ალტერნატიულ სერვისზე გადავა, რომელიც გამორიცხავს სამომხმარებლო მონაცემების საკუთარ სერვერებზე შენახვის შესაძლებლობას (მაგალითად Signal).
ჩემი აზრით, ძალიან არაკორექტულია, როცა მომხმარებლის პირადი მონაცემებისადმი ასეთ უპატივცემულობას იჩენენ კომპანიები, როგორიცაა ფეისბუქი.
რაც შეეხება ალტერნატივებს, შეგვიძლია ვისარგებლოთ Signal-ით, რომელსაც გვირჩევს ილონ მასკი. აღნიშნული აპლიკაცია უფასოა, თუმცა მომხმარებლების მეტა მონაცემების შეგროვებას ისინი ჯერ არ აპირებენ, როგორც ჩანს. ასევე შეგვიძლია ვისარგებლოთ შვეიცარიული Threema და Wire-ით. თუ მხოლოდ მიმოწერა გვჭირდება, მაშინ KeyBase.