COVID-19-ის გავრცელების საშიშროების გამო მრავალი, მათ შორის ტექნოლოგიური საერთაშორისო ღონისძიება გადაიდო ან სულაც ჩაიშალა. საერთაშორისო გეიმინგ კონფერენცია GDC-ზე Microsoft-ის მხრიდან მონაწილეობაზე უარის შემდეგ Facebook-მა საკუთარი ყოველწლიური დეველოპერული კონფერენცია F8 გააუქმა.
Facebook-ში აცხადებენ, რომ ეს საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა აღნიშნავენ, რომ კონფერენციის ჩატარებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან მოწვეული დეველოპერების გარეშე აზრი ეკარგება. ამის ნაცვლად კომპანია ლოკალურ, შედარებით მცირე მასშტაბის ღონისძიებებს ჩაატარებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში გაშუქდება. ზუსტი დეტალები ლოკალური ღონისძიებების ჩატარების დროსა და ადგილზე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კონფერენციის ჩატარების ნაცვლად Facebook-ი იმ თანხის ოდენობას გააორმაგებს, რომელსაც კომპანია ტექნოლოგიური ინდუსტრიის დივერსიფიკაციისთვის ყოველწლიურად გამოყოფს. წელს ეს თანხა $ 500 000-ს შეადგენს და ძირითადად სან-ხოსეში მოქმედ ორგანიზაციებზე იქნება გათვლილი.
Microsoft-მა, Oculus Facebook-მა და Sony-მ GDC-ში მონაწილეობას წელს აღარ მიიღებენ. ასევე გაუქმდა ბარსელონაში დაგეგმილი ყოველწლიური მობილური ტექნოლოგიების გამოფენა MWC 2020.